Friday, March 9, 2012

ვისლავა შიმბორსკა: კითხვის ნიშანი, რომლის პასუხიც ორწერტილია


ვისლავა შიმბორსკა (1923–2012) იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება,რომლის სახელიც ჯერ კიდევ მათივე სიცოცხლეში იქცევა ხოლმე ლეგენდად. შიმბორსკას გარეშე წარმოუდგენელია XX საუკუნის პოლონური პოეზია. – ‘’პოლონეთმა დაკარგა თავისი მფარველი სული’’– ასე შეაფასა პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომაროვსკიმ დიდი პოეტის გარდაცვალება 2012 წლის 1 თებერვალს.
ვისლავა შიმბორსკას შესახებ გვესაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორი, ისტორიკოსი და მთარგმნელი ბ–ნ გია ჯოხაძე.

ატონო  გია, ამა წლის 1 თებერვალს გარდაიცვალა ვისლავა შიმბორსკა. პოლონელი პოეტი , 1996 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, რომლის შემოქმედებამაც დიდწილად განსაზღვრა პოლონური პოეზიის ადგილი ლიტერატურის ისტორიაში და რომლის ლექსების ერთ-ერთი პირველი მთარგმნელი ქართულ ენაზე თქვენ ბრძანდებით. როდის შედგა თქვენი გაცნობა შიმბორსკას შემოქმედებასთან და რატომ გადაწყვიტეთ მისი თარგმნა?
გია ჯოხაძე - დიახ, ქალბატონი შიმბორსკას რამდენიმე ლექსი ჯერ კიდევ ამ 20 წლის წინათ ვთარგმნე. მისით დავინტერესდი იოსიფ ბროდსკის კრებულზე მუშაობისას. შეუძლებელი იყო, ასე ვთქვათ, ახლოს არ გამეცნო პოეტი, რომელიც მისთვის ნობელის პრემიის მინიჭების გამო წაკითხულ ლექციაში ბროდსკიზე წერდა:  ,,შევატყვე, რომ ჩემთვის ცნობილ სხვა მგოსანთაგან მას უყვარდა საკუთარი თავის ,,პოეტად” წარმოჩენა. სიტყვა ,,პოეტს” შინაგანი წინააღმდეგობის გარეშე წარმოთქვამდა, ერთგვარად, გამომწვევად თავისუფლადაც კი. ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდობისას გადატანილი სასტიკი დამცირება ჯერაც არ დავიწყნოდა”. არ არის გამორიცხული შიმბორსკას აღფრთოვანება საკუთარ გამოცდილებასაც შეეპირობებინა: ვისლავას, იოსიფის მსგავსად, განათლების დამადასტურებელი რაიმე ფორმალური სერთიფიკატი არ გააჩნდა: ფინანსური სიძნელეების გამო მან  ვერც უნივერსიტეტი დაამთავრა და ვერც სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.  აღსანიშნავია, რომ შიმბორსკა ბროდსკის არა მხოლოდ დიდ პოეტად, არამედ პოეზიის მსოფლიო წარმომადგენლად (შეიმას ჰინის გამოთქმა ბროდსკიზე), პოეზიის, როგორც ასეთის, განსახიერებად მიიჩნევდა. ჩემ მიერ თარგმნილი პირველი ლექსებიდან შევიტყვე, რომ ქალბატონი შიმბორსკას სახით, საქმე მაქვს კიდევ ერთ შემოქმედთან, რომელიც ყოფით ელემენტებზე დაკვირვებით ახერხებს ფილოსოფიურ რეფლექსიას. თანაც, ამას თვითირონიისა და პაროდიულობის ხარჯზე სჩადის. ქალბატონი შიმბორსკას ლექსებმა გამახსენა ასევე პოლონელი პოეტის, ანა კამენსკას პოეზია, რომლის დიდი ნაწილი მანამდე ვთარგმნე. მაგალითად, ის ამბობდა, სიკვდილი ხანდახან ისეთი თავაზიანია, თითქოს ვინმე ტრამვაიში ადგილს გითმობდესო.
შემიძლია გავიხსენო შიმბორსკას ის ლექსები, რომლებიც ჩემთვის მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცნენ: მაგალითად, ირონიული ,,ტრაქტატიდან“ ,,როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია?“ ამეკვიატა ერთი ფრაზა, რომელსაც ახლაც ხშირად ვიმეორებ სტუდენტებთან საუბრისას: ,,აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები, ხედების ნაცვლად _ მისამართები, მოგონებათა სანაცვლოდ კი -  მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი. მთელი სიყვარულიდან მხოლოდ კანონიერი ქორწინება უნდა დატოვო, ბავშვებისგან კი მარტო ისინი, ვინც დაბადება მოახერხა“.
შიმბორსკას პოეტად ჩამოყალიბება საბჭოთა წნეხის პერიოდში მოხდა, როდესაც პოლონეთი ბოროტების იმპერიის ხელდებულ ქვეყნად ითვლებოდა. რა გავლენა მოახდინა ამ პერიოდმა პოეტზე?
გია ჯოხაძე - სავსებით მართალია, შიმბორსკა პოეტადაც და პიროვნებადაც მაშინ ჩამოყალიბდა, როცა პოლონეთი სოციალისტურ იდეალებს ეთაყვანებოდა და თავისი ჭკუით, უახლოვდებოდა კიდეც. 1949 წელს ასეთ პოლონეთში უნდა გამოსულიყო პოეტის პირველი კრებული, მაგრამ საკმარისი ,,არასოციალისტურობის“ გამო ცენზურამ დაიწუნა. შიმბორსკას პოზიციისა და პოეტური პათოსის დათმობა მოუხდა.
იცით, შიმბორსკას ბიოგრაფიის გაცნობისას შესაძლოა სახტადაც კი დარჩეთ: პოეტი კარგა ხანს იყო ლენინისა და სტალინის მეხოტბე. 1953 წელს მონაწილეობდა დეფამაციაში, რომელიც პოლონეთში კათოლიკე მღვდლებს მოუწყვეს: მათ ამერიკული იმპერიალიზმის აგენტობა დასწამეს და სიკვდილიც კი მიუსაჯეს. სამწუხაროდ, მათი სასტიკად დასჯის მომხრეთა შორის ქალბატონი შიმბორსკაც იყო. სხვათა შორის, ამ ფაქტს ხშირად ახსენებდნენ ნობელიანტ პოეტს. მას საგანგებო კომენტარი არ გაუკეთებია, თუ არ  ჩავთვლით ერთ მის პატარა ლექსს ,,ცუდი აზრის ქონა საკუთარ თავზე“: აქ ნათქვამია, რომ ადამიანის გარდა ყველაზე პირსისხლიან მხეცსაც კი არ უჩნდება სინდისის ქენჯნა ჩადენილი სისასტიკის გამო. მაგრამ, მით უფრო სავალალოა, ანუ ,,ნამდვილი სიმხეცეა“, პოეტის თქმით, როცა ადამიანი შეუვალად დარწმუნებულია საკუთარ უმწიკვლობაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი ,,ლაქაა“ შიმბორსკას ბიოგრაფიაში, რომელსაც ამ დისტანციიდან, რასაკვირველია, შემნდობი მზერით უნდა შევხედოთ: ვინ არ შეიძლებოდა დაებრმავებინა კომუნისტურ პროპაგანდას!
ნელნელა დგებოდა  კომუნისტური სამოთხით განხიბვლის პერიოდი. 1956 წელს პოზნანში მუშები აჯანყდნენ, სახელმწიფოსა და პარტიის რეფორმირება დაიწყეს. ხელისუფლების სათავეში ვლადისლავ გომულკა მოვიდა. პოლონეთში “დათბობის” პერიოდი დადგა. შიმბორსკა პარიზში მცხოვრებ კომპატრიოტ დისიდენტებს უახლოვდება.
ამ დროს გამოცემულ კრებულებში შიმბორსკა გმობს ძველ იდეალებს, უტოპიად აცხადებს მათ და შოკირებული მკითხველის დანდობის მიზნით, თავის პოეტურ არსენალს იუმორესკებით, პარადოქსებით, თამაშით ავსებს. ერთ მის ლექსსაც ,,უტოპია“ ჰქვია, რომელშიც ნათქვამია, რომ სიტყვები ,,გასხივოსნება“, ,,ჭეშმარიტება“, ურყევი რწმენა“ სულაც არ არის ერთმნიშვნელოვნად ჭეშმარიტი, ,,ამ სიამეთა მიუხედავად, უკაცრიელი არის კუნძული“,  რომელზეც ადრე უკრიტიკოდ მიღებული ცნებები ახალი შინაარსით უნდა აავსო.
ვისლავა შიმბორსკა დაახლოებით 30 პოეტური კრებულის ავტორია. მისი დებიუტი 1952 წელს შედგა. როგორ განვლო მან ეს გზა, რომელიც 1996 წელს მისი ნობელის პრემიის ლაურეატობით დაგვირგვინდა?
გია ჯოხაძე - კითხვა გასაგებია, ოღონდ რაღაც-რაღაცები დავაზუსტოთ: ვისლავას პირველი და მეორე კრებულები გამოიცა 1952 და 1954 წლებში. აქ ჯერ კიდევ ,,ძველი შიმბორსკაა“:ტრადიციულ-რეალისტური სტილის, შეიძლება ითქვას, სოცრეალიზმის პრინციპებზე მდგარი პოეტი: ჯარი, ომი, სამშობლო... _ აი, მთავარი თემები. ცნობილია მისი აფორისტული სტრიქონი, რომელიც იმ დროს ყველას პირზე ეკერა: ”ჩვენი ნადავლი ის აღმოჩნდა ამ ველურ ომში, რომ შევიცანით სამყარო უკეთ!”

1957 წელს კი გამოდის ვისლავას მესამე კრებული ,,მოწოდება იეიტისადმი“ (იეიტი ჰიმალაურ დიალექტზე ,,თოვლის კაცს“ ნიშნავს). ეს გახლდათ პოეტის ე.წ. “ხელმეორე დებიუტი”. იეიტს უხმობს პოეტი - ადამიანისაგან გაუცხოებულ, სასტიკ, ვერაგ, კაცობრიობის ისტორიით შერყვნილ გმირს. კრიტიკოსებმა იეიტში მეზობელი თოვლიან-ყინულიანი ქვეყნის ანუ რუსეთის ულვაშა ბელადი იგულისხმეს. პოეტი განხიბლულია ცივილიზაციით, რომელმაც წარმოშვა ნაციზმი, მასობრივი განადგურების იარაღი, ოსვენციმი და ჰიროსიმა... მაგრამ ოსვენციმის შემდეგაც შესაძლებელია პოეზია ანუ სიცოცხლე.

იცვლება შიმბორსკას პოეტური ხერხებიც: მის შემოქმედებაში იჭრება ვერლიბრი, რაც კრიტიკოსებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, უწოდონ “ფილოსოფიური”, “ინტელექტუალური”...

მისი ლექსების უმრავლესობა, მართლაც, ზნეობრივ-პოლიტიკურ ტრაქტატებს, ლირიკულ-ფილოსოფიურ ესკიზებს წააგავს. თვითონ შიმბორსკა თავს “ძველმოდურს” ეძახდა და აღნიშნავდა, რომ მისი პოეზია მეთვრამეტე საუკუნის კლასიციზმისა და სკეპტიციზმის ზღვარზე იქმნებოდა. ამას თან ერთვოდა მეოცე საუკუნისათვის დამახასიათებელი ირონია. ამგვარად ყალიბდებოდა კულტურული ნოვაცია. სალაპარაკო სტილი, ინტონაციის დამაჯერებლობა, “ცოცხალი” ფრაზეოლოგიზმები, ყოფითი რეალიები ხანდახან მართლაც წვდებოდა კოსმიურ მასშტაბებს.

შიმბორსკას ცხოვრება და შემოქმედება, გარკვეულწილად, სანიმუშო ფასეულობად იქცა. პოლონელი ინტელიგენცია, “სოლიდარობა” მისი პოზიციითაც ცდიდა საკუთარ უკომპრომისობასა და ბრძოლისუნარიანობას. შიმბორსკას პოლონეთის ხელისუფლება “მოურჯულებლის” ეპითეტით იხსენიებდა.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ მას გამუდმებით ტანჯავდა ადრე გადადგმული ნაბიჯი, როცა პროპაგანდით თავგაბრუებულმა იოლად გასწირა ადამიანები, მათი დახვრეტის განზრახვა მოიწონა, და ახლა, აბსოლუტურად უშიშრად ამიტომაც ექომაგებოდა დისიდენტებს, შეუნიღბავად გამოთქვამდა პროტესტს და ა.შ.
1993 წლიდან მის ლექსებში შეიმჩნევა რეგისტრის დარბილება, აღსარებისეული სევდა და გულწრფელობა, მხოლოდ დამშვიდობებისას წარმოქმნილი შეუქცევადობის სასტიკი ხიბლი. და ალბათ, ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ ქალი-პოეტის ეს ოპუსები უახლოეს ადამიანთან (ვისლავა ოფიციალურად ერთხელ იყო გათხოვილი პოეტ ადამ ვლოდეკზე, რომელსაც მალევე გაეყარა; 1990 წელს კი გარდაიცვალა ვისლავას დიდი ხნის მეგობარი და პარტნიორი, პოეტი კორნელ ფილიპოვიჩი, რომელსაც ეძღვნებოდა შიმბორსკას 1993 წლის კრებული ,,დასაწყისი და დასასრული“) განშორებამ შვა (ამიტომაც ხომ არ თარგმნიდა ასეთი გატაცებით შიმბორსკას ანა ახმატოვა?)

ვისლავა შიმბორსკა არ დაემორჩილა მოდას ანუ შეინარჩუნა თავისთავადობა. ხანდახან უფრო წინ წავიდა, ვიდრე მეცნიერთა კოჰორტა და გაგვაცნობიერებინა თანამედროვე ადამიანის ტკივილი და ფორიაქი. შიმბორსკა იუმორით სავსეა გამოუვალ სიტუაციებში და გმირივით სერიოზულია მოყვასისადმი ხელის გაწვდისას. ჩესლავ მილოშის, ნობელიანტი პოეტის აზრით, შიმბორსკას პოეზიას აქვს გემო _ იგი მწარეა: ”მისი ლექსები ბურთულებივით ჟონგლირებენ ჩვენი საერთო ცოდნის ელემენტებით და ამ ხერხითაც მიგვითითებენ სამყაროს ტრაგიკომიკურობაზე”.
თქვენი აზრით, რამ გამოიწვია შვედეთის სამეფო აკადემიის დაინტერესება შიმბორსკას შემოქმედებით?
გია ჯოხაძე - რა გითხრათ... მხოლოდ იმის თქმა ძალმიძს, რომ ინგლისურენოვანმა სამყარომ შიმბორსკა 1981 წელს გაიცნო, როცა მაგნის კრინსკისა და რობერ მაგუაიერის მიერ თარგმნილი ,,ბგერები, გრძნობები, ფიქრები“ პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა. 1995 წელს აშშ-ში შიმბორსკას მეორე ინგლისურენოვანი კრებული ისტამბება. პოეტის პოპულარობა იზრდება მის სამშობლოშიც: ერთ-ერთი მისი ლექსი საფუძვლად ედება დიდი რეჟისორის, კრშიშტოფ კისლოვსკის ფილმს ,,წითელი“.
ნობელის პრემიის მისთვის მინიჭებამ ბევრი გააოცა: შიმბორსკას არც ისე კარგად იცნობდა ინტელექტუალური მსოფლიო და მისი ლექსები, განსხვავებით სხვა კანდიდატთა შემოქმედებისაგან, სრულიად აპოლიტიკური გახლდათ: ,,ვისლავა შიმბორსკას სახით, შვედეთის აკადემიას სურს, პატივი მიაგოს უჩვეულო და უხმაურო სიწმინდესა და ძლიერებას - პოეტურ მსოფლაღქმას; პოეზიას, როგორც პასუხს ცხოვრებაზე, ცხოვრების წესზე, სიტყვას, როგორც აზროვნებისა და პასუხისმგებლობის გამოხატულებას“, - წერდა ბირგიტა ტროტსიგი ნობელის პრემიის კომიტეტის უებსაიტზე.
გოეთეს, ჰერდერის, პოლონეთის ფენ-კლუბი, პოზმანის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული დაიმსახურა.  "პოეზიამ,რომელიც ირონიის სიზუსტით გვიხსნის ბიოლოგიის კანონებს და ადამიანის ყოფაში ისტორიის მონაწილეობას" (ნობელის პრემიის კომიტეტი). ჩემი აზრით, ეს ფორმულიერება საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ფაქტი ერთია: vislava Simborskam მისთვის ჩვეული მოკრძალებითა და ინდიფერენტულობით  ,,აიძულა“ სამყარო, მისი სახელი ნობელის სახელlთან დაეწყვილებინათ.
ნობელის პრემიის კომიტეტმა მას უწოდა ,,პოეზიის მოცარტი, რომლისთვისაც არც ბეთჰოვენისეული სიშმაგეა უცხო“. ვისლავა შიმბორსკა დღემდე ერთადერთი პოლონელი ქალი შემოქმედია, რომელსაც ასეთი დაფასება ხვდა წილად.
პარადოქსულია, მაგრამ სწორედ 1996 წელს, როცა შიმბორსკას პრემია მიანიჭეს, ორმა უმსხვილესმა შვედურმა გამომცემლობამ უარი თქვა პოეტის წიგნების დაბეჭდვაზე, და მხოლოდ ნობელიანტი შიმბორსკას პოეტური კრებულები გამოსცა. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს დაბეჭდილი მისი წიგნი ,,ხედი ქვიშის მარცვალთან ერთად“ ბესტსელერად იქცა, პოეტს თავისი ჩვეულებისათვის არ უღალატია და მუდამ ერიდებოდა ერიდებოდა საზოგადოებაში გამოჩენას. ამის გამო ერთ იტალიურ გაზეთში შიმბორსკა ,, მსოფლიო პოეზიის გრეტა გარბოდ“ გამოაცხადეს (შვედური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი უარს აცხადებდა ინტერვიუებზე).
რით განსხვავდებოდა ვისლავა შიმბორსკას პოეზია მისი თაობის სხვა პოლონელ პოეტთა შემოქმედებისაგან?
გია ჯოხაძე - მართალი გითხრათ, არც ამაზე მაქვს უთუო და უთუმცაო შეხედულება. შემიძლია, მხოლოდ საკუთარი აზრი მოგახსენოთ: ჯერ ერთი, ქვეყნად ,,ფოთოლი ფოთოლს, ხელისგული ხელისგულს არ ჰგავს“, და რასაკვირველია, ერთი პოეტის ნაღვაწი მეორისაგან სავსებით განსხვავებულია. ამიტომაცაა ლიტერატურა საინტერესო.
ისღა გვრჩება, ვეძებოთ ერთგვარი პოსტმოდერნული რაკურსი და დავსვათ კითხვა ,,როგორ?“, დავინტერესდეთ, როგორ ცხოვრობს პოეტი შიმბორსკა? როგორ ექცევა ენას (ან - პირიქით, როგორ ექცევა ენა პოეტს, რის სათქმელად ირჩევს მას?)? ჩემი აზრით, გასახაზია შიმბორსკას ფილოსოფიური რეფლექსიის სისადავე, მკაფიო, დაუტვირთავი სტილი... ყოველდღიურ ყოფაში პოეზიის მიგნების სწრაფვა ან მისი პოეზიად გარდაქმნის შესაძლებლობა... აწმყოს ერთადერთ დროით კატეგორიად მიჩნევის კაპრიზი და ა.შ. ჩემს ლაპარაკს ბევრად ჯობს ვისლავასავე შეხედულება ამ საკითხზე: აი, ეს არის მისი პოეზიის განსაკუთრებულობა:
,,საკმარისია, ენამ ამოთქვას
რაღაც  ვიღაცასთან ერთად,
ან ვიღაც რაღაცის გვერდით;
ვთქვათ, ვინმეზე, ვისაც ჰყავს კატა,
ან მასზე, ვისაც კატა არა ჰყავს;
ანდა სულაც სხვა ვინმეებზე,
კატებზე ანდა არაკატებზე,
საგნებზე სულ სხვა ანბანებიდან,
მონდომებით  რომ ფურცლავს ქარი.
საკმარისია, მზერის სიშორეში
ავტორმა მოათავსოს დროთა მწვერვალები
და წარმავალი ტრამალები;
ისარგებლოს შემთხვევით და
ნართაულად რამე თქვას ცაზე,
მოჩვენებითად მუდმივსა და უსასრულოზე;
ხელი, რომლითაც სიტყვა გამოჰყავს,
შეავლოს საგანს,
ვინმეს რომ ეკუთვნის;
შავით თეთრზე
რაღაც მიზეზით ან უმიზეზოდ
გამოსახოს კითხვის ნიშანი,
რომლის პასუხიც  ორწერტილია“.
საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს დიდი ადამიანების პირადი ცხოვრება. როგორი იყო შიმბორსკა პოეზიის მიღმა?
გია ჯოხაძე - საგანგებოდ ჩასაფრებული პაპარაცი ბევრი ვერაფრით იხეირებს ვისლავას პირადი ცხოვრების თვალთვალით:  ის არ განეკუთვნებოდა ცნობილ ადამიანთა ტიპს, რომელსაც ამერიკელები უწოდებენ celebrity-ს. თითქმის არასდროს ტრიალებდა საზოგადოების შუაგულში (ნობელის პრემიამ ხომ მთლად შეუწყო ხელი, უხმაუროდ, მაგრამ უზრუნველად ეცხოვრა!), არასდროს აქტიურობდა მყვირალა ქველმოქმედის რეპუტაციის მოსაპოვებლად, არასოდეს წერდა ყველასა და ყველაფერზე, არასოდეს იცვლიდა ქმრებსა და საყვარლებს და ა.შ. უყვარდა შინაური ცხოველები, ყვავილები და ლექსები, რომელთაც იშვიათად წერდა: ნაგვის ურნა იმიტომ მაქვს, რომ ბევრ ლექსს მხოლოდ იქ მივუჩინო ბინა და არა - პოეტურ კრებულებშიო, ამბობდა. და მიუხედავად თავის გარიდების ამ თავგანწირული ცდისა, მაინც ახერხებდა, მისთვის პოლონეთის ,,მფარველი სული“ ეწოდებინათ.
ნოდარ გოცირიძეwww.myjournal.ge

ჯერომ დევიდ სელინჯერის (1919–2010) ‘’ბანანა თევზის ამინდი’’

მე–20 საუკუნის უდიდესი ამერიკელი მწერალი ჯერომ სელინჯერი ქართველ მკითხველთან ასოცირდება,როგოც ავტორი საკულტო რომანისა „თამაში ჭვავის ყანაში“ (1951). სადაც აღწერილია 16 წლის მოზარდის ჰოლდენ ქოლფილდის თავგადასავალი: თუ როგორ ვერ ეგუება წიგნის მთავარი გმირი ამერიკულ ყოველდღიურობაში შექმნილ რეალობას და როგორ ცდილობს წინ აღუდგეს საზოგადოებაში გაბატონებულ მორალურ კანონებს. სელინჯერის რომანმა უდიდესი პოპულარობა მიპოვა თინეიჯერების წრეში და მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა გასული საუკუნის პოპ კულტურაზე. მაგრამ არანაკლები ყურადღების ღირსია სელინჯერის მოთხრობები,რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი კომპლექსურობით.
მოდით ვისაუბროთ ერთ–ერთ მათგანზე,მაგალიტად – ‘’ბანანა თევზის ამინდზე“. მოთხრობის მოკლე შინაარსი ასეთია: სიმორ გლასი და მისი მეუღლე–მიურიელი დასასვენებლად იმყოფებიან ფლორიდის შტატში. მიურიელს სწორედ იმ დროს,როდესაც ის საკუთარი ფრჩხილების მოვლით არის დაკავებული,ხოლო მისი მეუღლე სანაპიროზე ირუჯება ნიუ–იორკიდან ურეკავს დედა. მშობლისა და შვილის სატელეფონო საუბარი,რომელიც მოტხრობის პირველი ნაწილის დაახლოებით 95% შეადგენს ძირითადად სიმორს ეხება. სიდედრი შეშინებულია სიძის სულიერი მდგომარეობით.ის ფსიქიურად გაუწონასწორებელ და მიურიელისთვის საშიშ ადამიანად მიაჩნია.ის თხოვს ქალიშვილს,რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში,რადგანაც სიმორმა ყოველ წუთს შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ თავზე და მიურიელს ზიანი მიაყენოს.შვილი ამშვიდებს დედას და არწმუნებს,რომ მსგავსი რამ არარ მოხდება,რადგანაც სიმორი გამოჯანმრთელების გზას წარმატებულად ადგას.

ცოლისა და სიდედრის სატელეფონო საუბრის პერიოდში სიმორ გლასი სანაპიროზე ესაუბრება სამი წლის გოგონას –სიბილს,რომელსაც უყვება ზღაპარს ბანანა თევზების შესახებ. ზღაპრის მოკლე შინაარსი ასეთია: ბანანა თევზები შესცურავენ წყლის ქვეშ მდებარე ბანანების გამოქვაბულში სადაც ძალიან ბევრ ბანანს შეჭამენ–დაავადდებიან ბანანის ციებ–ცხელებით და კვდებიან.ამ ყველაფრის შემდეგ სიმორი ბრუნდება სასტუმროში.მას უკვე აშკარად ეტყობა სულიერი აშლილობა–ლიფტში ის ერთ–ერთ ქალს,შარს მოსდებს იმის გამო,რომ ის ვითო მის ფეხებს უყურებდა...სასტუმროს ნომერში დაბრუნების შემდეგ სიმორი უჯრიდან ამოიღებს რევოლვერს (7–65 კალიბრიანს) შეხედავს საწოლზე მძინარე მეუღლეს და...

აი,ეს არის ამ მოთხრობის მოკლე შინაარსი.მაგრამ მოდით ეს ყველაფერი რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობდით განვიხილოთ ინდუიზმის მსოფლმხედველობით. წინასწარ გეტყვით,რომ ინდუისტური ფილოსოფიის დიდი მცოდნე არ ვარ.უბრალოდ შევეცადოთ გავამახვილოთ ყურადღება იმ დეტალებზე რაც უშუალო კავშირში შეიძლება იყოს ამ მსოფლმხედველობასთან და ვისაუბროთ მათზე ამ საკითხში კომპეტენტური ავტორების დახმარებით,რომელინიც გზადაგზა შემოგვეშველებიან.

მოთხრობის კითხვისას ავტორი მიგვითითებს თუ როგორი ფერმკრთალია სიმორი.აგრეთვე ჩვენ ვხედავთ ლურჯი ფერის უპირატესობის წარმოჩინებას ნოველაში:

–‘’შენი ლურჯი პალტო რა დღეშია?

–‘’რა უჭირს.მხრებთან ცოტა ბამბა გამოვაცალე,სარჩულის ქვეშ“... (მიურიელისა და დედამისის სატელეფონო დიალოგი)

–‘’ეს რა კარგი რამე გაცვია! ლურჯ საბანაო კოსტუმისავით არაფერი მიყვარს ამ ქვეყნად“... (სიმორი მიმართავს სიბილს სანაპიროზე).

ვინც იცნობს ინდურ ფილოსოფიურ ეპოსს ‘’მაჰაბჰარატას“ და ‘’რამაიანას“ მისთვის ამ ორი პასაჟის წარმოჩენა (ფერმკრთალობა და ლურჯი ფერი) მოთხრობაში აღქმული იქნება სწორედ ისე,როგორც ეს ინდურ ეპოსებშია: ფერმკრთალობა ინდუიზმში გამომხატველია შეყვარებულობისა.ხოლო ლურჯი აღძრავს ასოციაციას ლოტოსის ყვავილთან,რომელიც არის სიმბოლო კამასი–სიყვარულის ღმერთისა ინდუიზმში.
სქესური სიყვარულის უარყოფითი სახე,როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ ძალიან ცხადად არის წარმოჩენილი. ჩვენ,დასავლეთის ხალხი მას აღვივამთ ცისარტყელის ფერებში.როცა შეყვარებულები ვართ არავინ და არაფერი აღარ გვახსოვს,დავფინავთ ღრუბლებში და ასე გვგონია ეს ქვეყანა ჩვენით დაიწყო და ჩვენითვე დასრულდება ძალიან დიდი,დიდი ხნის შემდეგ. აბა,სხვანაირად როგორ უნდა აღიქვა ეს აბსტრაქტული გრძნობა რუსთაველზე,დანტეზე,სტენდალსა თუ პეტეფისა და ბარათაშვილის ლექსებზე გაზრდილმა კაცმა?! ინდუიზმში კი საქმე სულ სხვაგვარადაა.

ინდუისტური მსოფლმხედველობის მიხედვით სქესური სიყვარული არავითარ შემთხვევაში არ არის კეთილი ბუნების მატარებელი.მისი გზა,რომელზედაც ინდივიდი გადის,მიემართება ბოროტებისკენ და ადამინის დაღუპვისაკენ. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება,რომ სიყვარულის ღმერთი კამა თავისი ‘’სტატუსიდან“ გამომდინარე არ აღიქმება კეთილი ბუნების მატარებელ ღვთაებათ.არამედ ის,ინდოელთა ხალხურ წარმოდგენებში გაიგივებულია მარასთან– ცდუნებისა და ცოდვის სიმბოლოსთან.

ერთ–ერთ სტატიაში ასეთ რაღაცასაც კი გადავაწყდი,რომ ინდუისტისათვის სქესური სიყვარული კიდევ იმიტომ არის ბოროტებისაკენ მიმავალი გზა,რომ ის წარმოშობს მესამე პირის სიძულვილს.

თუ სელინჯერის ამ მოთხრობის მიხედვით ვიმსჯელებთ,მაშინ ეს,სრული ჭეშმარიტებაა.აი,კერძოდ რატომ: ჩვენ გვახსოვს,თუ როგორი გაღიზიანებულია სიბილი იმ ფაქტით,რომ მისი სამწლინახევრის მეგობარი შერონ ლიპშუცი გვერდით მიუჯდა სიმორს,კაცს,რომლის მიმართაც მას ერთგვარი სიმპატიები გააჩნია,როდესაც ის სასტუმროში როიალზე უკრავდა. სიბილი აღელვებული უყვება სიმორს, თუ როგორ მოუყვა ეს ყველაფერი შერონმა.საუბრის ბოლოს გოგონა კატეგორიულად სთხოვს სიმორს,რომ მსგავსი რამის განმეორების შემთხვევაში მან შერონი სკამიდან გადმოაგდოს!

ინდუისტური მსოფლმხედველობით თუ ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე რათქმაუნდა ეს გზა პირდაპირ ჯოჯოხეთის ცეცხლთან მიგვიყვანს.მაგრამ ამ ყველაფერს მსგავსი განაზრებანი,რომ ჩამოვაშოროთ,ხელში შეგვრჩება სასაცილო ამბავი 3 წლის ბავშვის უაზრო ეჭვიანობაზე (ეჭვიანობასაც კი ვერ დაარქმევ ამას).და კიდე ერთი რამ. თუ დაკვირვებულხართ,რომ სელინჯერის გმირები მცირე ასაკში ფიქრობენ ისეთ თემებზე და განიცდიან ისეთ მოვლენებს,რაც მათი ასაკისათვის მარტივად რომ ვთქვათ–წარმოუდგენელია! 16 წლის ჰოლდენ ქოლფილდი, 3 წლის სიბილი, სამწლინახევრის შერონი, თუ არ ვცდები 8 წლის ტედი (სელინჯერის მოთხრობა ‘’ტედი“) ფიქრობენ ისეთ მატერიებზე რაც მათ აზროვნებას მათივე მცირე ასაკის გამო არ უნდა ხელეწიფებოდეს,მაგრამ სელინჯერი,როგორც ჩანს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა,როდესაც ბავშვებს აიძულებდა ეფიქრათ ისეთ თემებზე,რაზედაც ზრდასრულ ხახლსაც კი უჭირს რეფლექსია...

მაშ,ასე! რისი თქმა შეგვიძლია კიდევ ‘’ბანანა თევზის ამინდზე“? ჩვენ გვახსოვს,რომ როდესაც სიმორ გლასი სიბილს ამ ზღაპარს უყვება ისინი ზღვაში არიან შესულები.სიბილი გასაბერ ლეიბზე არხეინად წევს და უსმენს სიმორს,რომელსაც მისი ლეიბი უჭირავს და აკონტროლებს მის მოძრაობას წყალში. სწორედ ამ დროს გადაუვლით მათ ტალღა.სიბილი მხიარულად შეჰკივლებს,რის შემდეგაც სიმორს აღტაცებული ეუბნება:
–‘’ დავინახე.’’

–‘’რა დაინახე,გენაცვალე?’’

–‘’ბანანა თევზი.’’

–‘’ოჰ,კარგი ერთი!–თქვა ჭაბუკმა,–პირში ბანანი ვერ დაუნახე?’’


–‘’როგორ არა–მიუგო სიბილმა,–ექვსი ერთად“...

რატომ დაუნახა სიბილმა ბანანა თევზს მაინც და მაინც 6 ბანანი და არა,ვთქვათ 2 ან 4 ? რატომ შეჭამა მეორე თევზმა სიმორის ზღაპარში მაინც და მაინც 78 ბანანი და არა– ვთქვათ, 39 ან 55 ? რას შეიძლება გულისხმობდეს სელინჯერი,რომელიც საფუძვლიანად ერკვეოდა ინდუისტურ ფილოსოფიაში ამ რიცხვების მიღმა?

ცნობილი რუსი მეცნიერი,ლიტერატურისმცოდნე ირინა გალინსკაია ამ მოვლენას ინდუისტურ ფილოსოფიას უკავშირებს და ახდენს ბანანის სიმბოლოს ახსნას ინდუისტურ რელიგიაში. გალინსკაიას მიაჩნია,რომ ვინაიდან და რადგანაც ბანანი არამარტო სიყვარულის,არამედ სისუსტის სიმბოლოც არის,ის მთლიანობაში გამოდგება სიმორ გლასის პარადიგმადაც. რაც შეეხება  6–ისა და 78–ის სიმბოლურ დატვირთვას.ინდუისტებს მიაჩნიათ,რომ არსებობს 6 ბინძური ვნება,რომელიც იპყრობს ადამიანის გონებას. 1) სიყვარული 2) სიძულვილი 3) სიამაყე 4) უზრდელობა 5) მცდარი აზრი 6) ეჭვი.

გალინსკაიას მიხედვით 6 ბანანი არის სწორედ 6 ბინძური ვნების გამოვლინება,ხოლო რაც შეეხება იმ 78 ბანანს,რომელიც ერთ–ერთმა ბანანა თევზმა შეჭამა,გამოხატულია 78 სახეობა სიცოცხლის წყურვილისა. ანუ, ეგრეთწოდებული ‘’ტანხა’’,რომელიც შეიძლება წარმოჩენილიყო ნებისმიერი სხვა რიცხვით.

ძალიან საინტერესო მოსაზრებას გადავაწყდი ამერიკელ ლიტერატურის კრიტიკოსთან დევიდ ო’კონერთან.მისი აზრით სიმორის ზღაპარი ბანანა თევზებზე შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: როდესაც სიმორი უყვება სიბილს ბანანა თევზზე,რომრლიც შეცურავს  გამოქვაბულში სადაც გაიტენება ბანანების ჭამით და შემდგომ კვდება,რადგანაც გასუქებული, გამოქვაბულის გასასვლელში ვეღარ გაეტევა–ის, (სიმორი) ფაქტობრივად თავის ქორწინებას გულისხმობს!

სიკვდილი ინდუიზმში ორი სახითაა წარმოჩენილი.ის,უბედურების გამომხატველიცაა და ბედნიერებისაც. უბედურია იმ შემთხვევაში,თუ ის ჩვენ მიგვიყვანს გარდასახვამდე.ანუ ცხოვრების გაგრძელებამდე,რაც თავის თავში გულისხმობს მიწიერი ტანჯვა–ვაების გამეორებას. ბედნიერია იმ შემთხვევაში თუ ის გვევლინება ერთგვარ ტრამპლინად,ხიდად,რომელიც სამუდამო ნეტარებისკენ მიგვიყვანს.სადაც არ იქნება მიწიერი განსაცდელები და არ იარსებებს საფრთხე ცხოვრებისეული გარდასახვისა.

რაც შეეხება მოთხრობის დასასრულს– სიმორ გლასის თვითმკვლელობას.მოთხრობაში მთავარი გმირის სიკვდილი და იმ ბანანა თევზის აღსასრულიც ისეთ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან,რომ მისი არ შემჩნევა არ შიეძლება: თუ ინდუიზმში ბანანი სისუსტის სიმბოლოცაა,უნდა დავუშვათ ის მდგომარეობა,რომ სელინჯერის ამ მოთხრობაში, ბანანა თევზი,რომელმაც 78 ბანანი შეჭამა რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა გამომხატველია სუსტი ნებისყოფის ადამიანისა,რომელიც მიელტვის ცხოვრებისეულ სიამეებს რაც ინდუისტური რელიგიის მიხედვით დამღუპველია,რადგან მას მივყავართ ჩვენი მიწიერი არსებობის გაგრძელებამდე სიკვდილის შემდეგაც კი.სიმორ გლასისთვის კი სიკვდილი,რომელიც მან დააჩქარა საკუტარი ძალებით არამც და არამც არ არის დამუპველი.არამედ სუიციდი სიმორისთვის პირდაპირი გზაა ნეტარებისკენ,ნირვანისკენ! 

ო.პერტოლდი თავის წიგნში ‘’ღმერთები,ბრახმანები,ადამიანები.ინდუიზმის ოთხი ათასი წელი“ ჯაინიზმის დოგმატიკის მიხედვით განიხილავს სუიციდს: ჯაინიზმში თვითმკვლელობა არ ითვლება ცოდვად თუ ის ჩადენილია ვნებაზე გამარჯვების მოპოვების მიზნით. ჯაინისტებს სჯერათ,რომ თვითმკვლელობა მსგავს ვითარებაში აამაღლებს კიდეც სიცოცხლეს,რადგან მათი რწმენით ცდუნების მთავარ მიზეზად სწორედ ქალი გვევლინება და სწორედ ის უშლის ხელს მამაკაცს საკუტარი დანიშნულების შესრულებას–უარი თქვას ცდუნებაზე. ჯაინისტების მიხედვით სუიციდი ჩადენილი მსგავსი მიზეზების გამო არის გარანტია ნირვანისაკენ.

სელინჯერის ამ მოთხრობაში ჩვენ დავინახეთ ადამიანის ორი სახე: 1) ადამიანი,როგორც სუსტი არსება,რომელიც მიელტვის მიწიერ სიამოვნებებს და აყოლილია ვნების დაკმაყოფილების სურვილს. და 2) ადამიანი,რომელსაც ძალუძს გადალახოს მიწიერი სიამოვნებანი და მით სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი ნირვანაში.

დაიმკვიდრა თუ არა სიმორ გლასმა თავისი კუთვნილი ადგილი იქ,სადაც სრული ნეტარებაა,ამაზე უკვე თქვენ იფიქრეთ,როდესაც სელინჯერს უფრო კრიტიკული თვალით შეხედავთ!
ნოდარ გოცირიძე www.myjournal.ge

ავღანეთში ჯარისკაცებს ზეწოლით გზავნიან

2012 წლიდან საქართველო ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობას გაზრდის. ეს მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები პირიქით, შემცირებას გეგმავს, საფრანგეთი კი საერთოდ უარს ამბობს ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზე.  ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავღანეთში წასვლასთან დაკავშირებით ჯარისკაცებზე ზეწოლა ხორციელდება. რამდენად მნიშნელოვანია საქართველოსთვის ამ მისიაში მონაწილეობა და ნამდვილად ხდება თუ არა ჯარისკაცებზე ზეწოლა - მოგვითხრობს ირაკლი სესიაშვილს.
როგორ შეაფასებთ გადაწყვეტილებას ავღანეთში გასაგზავნი ქვედანაყოფების გაზრდასთან დაკავშირებით?
უმთავრესი პრობლემა ხელისუფლებაშია. მისი გადაწყვეტილება, ავღანეთში გასაგზავნი ჯარისკაცების და ქვედანაყოფების  რაოდენობა გაზარდოს, ერთპიროვნულია და ეწინააღმდეგება სახლმწიფოს ინტერესებს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მაგრამ როგორც ავღნიშნე, ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთპიროვნულია და საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებს.  საქართველოს უმთავრესი პრობლემა დღეს ისაა, რომ საქართველო რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლია. ამ ოპერაციაში  პროცენტულად მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს წარმომადგენლობა ავღანეთში ყველაზე დიდია არანატოს წევრ ქვეყნებს შორის. რაც საერთო ჯამში მიტოვებს  შთაბეჭდიელაბს, რომ სააკაშვილი ამას აკეთებს ვიწორ პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ თქვას, მე ვარ ის პრეზიდენტი, რომელიც თქვენთვის სასიკეთო საქმეებს აკეთებს, თუმცა ამით საქართველოს ადგება ზიანი.
რატომ ეწინააღმდეგებიან ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდას ?
ეწინააღმდეგება იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი საფრთხეები, რისკები, გამოწვევები, რაც უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ტერიტორიაზე განთავსებულია  რუსული სამხედრო ბაზები, რომელთა მხრიდანაც, როგორც თავად ხელისუფლება აცხადებს, აგრესიის ალბათობა  საკმაოდ მაღალია. ამიტომ  ასეთ სიტუაციაში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ასუსტებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას.  საუკეთესო ქვედანაყოფები ავღანეთში არის გაგაზვნილი. ასე რომ, საჭირო სიტუაციის დროს ვერ შევძლებთ მათ უკან დაბრუნებას, და თუნდაც დავაბრუნოთ, ისინი ფსიქოლოგიურად არ იქნებიან მზად ომში ჩასაბმელად. ასევე გასათალისწინებელია დემოგრაფიული მდგომარეობა.. საკმაოდ მძიმედაა ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება და ნამდვილად არ გვყავს საცეცხლე ჯარისკაცები. ასევე გასათვალისწინებელია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი ჯარისკაცების სოციალური მდგომარეობა თითოეული ჩენგანის პრობლემაცაა.  ნამდვილად არ მინდა, მათ ასეთ სარისკო მოქმედებებში მონაწილეობა მხოლოდ სოციალური პრობლემების გამო მიიღონ. რა თქმა უნდა, სჯობს, რომ  მათ სამუშაო საქართველოში იპოვონ. თუმცა ვადასტურებ, სამხედრო სამსახური  სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული და ჯარისკაცი ვალდებულია, დავალებები შეასრულოს, მაგრამ ეს ყველაფერი ასაწონია, რათა მიღებულ იქნას სწორი და შესაბამისი გადაწყვეტილება.
ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ავღანეთში გაგზავნილი ჯარისკაცები ბერკეტია მის ხელში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, რადგან ამით ამერიკა თავის პარტნიორად გვთვლის. არგუმენტად მოყავთ ჯარისკაცების გამოცდილებაც.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს არანაკლები სტრატეგიული პარტნიორი ვიყავით შეერთებული შტატების.  ნატოში ინტეგრაციის პროცესი ასევე ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ რაღაც არ მახსოვს,  ვინმეს ჩვენ მაგივრად კოდორი ან ახალგორი დაეცვას. თუმცა  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკურ დონეზე მხარი დაგვიჭირა და მომავალშიც დაგვიჭერს. არა იმიტომ, რომ ლამაზი თვალები გაქვს, იმიტომ რომ საერთაშორისო  სამართალი არსებობს, და როცა დიდი ქვეყანა პატარა ქვეყანას თავს ესხმის და არის აგრესია, ამ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნების მოვალეობაა  განაცხადონ, რომ მსგავსი ფაქტები დაუშვებელია, იწვევს გეოპოლოტიკურ ცვლილებებს და  და ა.შ. ამ შემთხვევაში პირდაპირი კავშირის გავლება არ შეიძლება. თავდასხმის შემთხევაში თავსაც ვერ დავიცავთ. ამ ფონზე ხელისუფლების გადაწყვეტილება რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა. ხოლო თუ ჩავუღრმავდეთ, ეს არის დანაშაული.
ქართველი ჯარისკაცების გამოცდილებაზე რას იტყვით?
ჩვენი ჯარისკაცები იქ ნამდვილად იღებენ გამოცდილებას. შესაძლოა არა იმ გამოცდილებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო. თალიბების გამოცდილება შეიძლება ჩვენთვის უკეთესიც კი იყოს, რადგან მათი მდგომარეობა უფრო ახლოსაა ჩვენ რეალობასთან, რადგან მათ დავდაცვა უწევთ. აღსანიშნავია ის, რომ როცა ჯარისკაცები საქართველოში ბრუნდებიან, აქ ისეთი გარემო ხვდებათ, მეორე დღესვე ჯარიდან გარბიან. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება გამოცდილებაზე ვილაპარაკოთ, როცა რეალურად ის არავის ადგება.
წესით ავღანეთში წასვლა და სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მეთაურები ჯარისკაცებზე ზეწოლას ახდენენ და ავღანეთში წასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, აჯარიმებენ ან სამხედრო სამსახურიდან უშვებენ.
ეს აბსოლუტურად სწორი ინფრომაციაა. არის ცემის ფაქტები, არის მასობრივი დათხოვნა. 13 წელია სამხედრო  მოსამსახურეების უფლებებს ვიცავ, ვარ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც ეწევა უფასო იურიდიულ მომსახურებას და არაერთხელ, არამედ ყოველდღიურად შემოდის ასეთი ინფრომაციები, რომ ჯარისკაცების  წინააღმდეგ ძალადობას ახდენენ. შეიარაღებულ ძალებში არის ვიწრო-პოლიტიკური კონტროლი. არ არის სათანადო სამუშაო პირობები.  ამ ბოლო პერიოდში მეთაურები განსაკუთრებით არაკანონიერად ექცევიან ჯარისკაცებს.  მათ წინააღმდეგ იყენებენ არასწორ სასჯელებს, ადებენ  ხელფასზე ჯარიმებს და სამსახურიდან ითხოვენ. რამდენიმე დღეა, თავდაცვის სამინისტრო კანონპროექტით შევიდა პარლამენტში და ითხოვს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის გაზრდას  12-დან 15 თვემდე, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯარში არის  სამხედრო დეფიციტი და სახელმწიფო ამ დეფიციტის შევსებას წვევამდელების ხარჯზე ცდილობს. ეს  კიდევ უფრო ამცირებს ჩვენს ძალებს.
გაგზავნილი ჯარისკაცების ასაკი საკმაოდ ახალგაზრდაა. ეს რამდენად გამართლებულია?
18-19  წლის ახალგაზრდების წაყვანა ისეთ ცხელ წერტილში, როგორიც დღეს ავღანეთია, გაუმართლებელია. ამ ასაკის ახალგაზრდა ჯერ არ არის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად მსგავსი ზეწოლისთვის. ეს დამტკიცებულია სამედიცინო ექსპერტების მიერ. სამწუხარო რეალობაა, რომ ჯარისკაცები , რომელთაც თავის დროზე იმსახურეს ჯარში და დაინახეს სიბინძურე, ბევრმა მათგანმა სამხედრო სამსახური დატოვა.  ახალგაზრდები კი, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ პატრიოტული განწყობა, მიდიან ავღანეთში. ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში უწევთ ისეთი რთული დავალებების შესრულება, როგორსაც ახდენს ამერიკა . მაშინ როცა მსგავსი ოპერაციების ჩატარებეაზე ევროპის ქვეყნებიც კი უარს ამბობენ. ჩვენი ბიჭები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. უწევთ სახიფათო სიტუაციებში თავის გადარჩენა და ცხელ წერტილში ყოფნა. და როგორც ვიცით, საკმაოდ კარგადაც ართმევენ თავს. მაგრამ მსხვერპლიც დიდია. დღევანდელი მონაცემებით  12 ქართველი ჯარისკაცია დაღუპული, ასეულობით კი დაჭრილი და  დაინვალიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყვის ავღანეთის მისიაში მონაწილეობაზე, რა რისკების წინაშე აღმოვჩნდებით?
ყველაფერი არის პოლიტიკური დიალოგის პროცესის ნაწილი და ასე მარტივად, არ გამოვა. უნდა ვიყოთ ჩაბმული, მაგრამ ეს უნდა იყოს ადეკვატური. ადეკვატური რაოდენობით, ადეკვატური ფორმით. სწორად უნდა მოხდეს დაგეგმვა. უნდა  უბრალოდ გავგზავნოით ჯარისკაცები და მორჩა, ასე არ უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში ჩვენი ამოცანები უნდა გვქონდეს და კონკრეტული  მიზანი გაგვაჩნდეს.
მაია გულისაშვილი www.myjournal.ge