
მორიგი კომედიის მომსწრე 28 თებრვლის საღამოს კვლავ გახდა საქართველოს მოსახლეობა. როგორც ერთ-ერთი ტელეკომპანიის სახე თავის გადაცემაში იტყვის ხოლმე, „ყველაფერი კი ასე დაიწყო“ - იმპერატიულ-ღიმილიანი სახით, თავაჯერებულად, მომზადებულად და რაც მთავარია, ვარდების თაიგულით ხელში, მისი უდიდებულესობა საქართველოს პრეზიდენტმა ამაყად შემოაბიჯა პარლამენტის სხდომათა დარბაზში.
მართალია, ტრიბუნიდან არავის უპირებდა გაგდებას, როგორც 2003-ში, თანაც, მაშინ ერთი ვარდით ხელში, ახლა კი მთელი თაიგულით, ალბათ თავის აზრში მომრავლებულ, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ „მტრებს“ ქვეცნობიერად ანიშნებდა, რომ მისი ძალაუფლება 2003-ის შემდეგ ისევე გაზრდილიყო, როგორც ვარდების რაოდენობა ერთი ვარდიდან ვარდების თაიგულამდე. დავანებოთ ვარდებს თავი, ისიც ეყოფა ამ შესანიშნავ ყვავილს, რომ თავისდა უნებლიედ საქართველოში ვარდი 2003-ის შემდეგ დაცინვის სიმბოლოდ იქცა.
შემდეგის აღსაწერად მადლიან ძველ ქართულს მოვიშველიებდი: და შეაბიჯა პრეზიდენტმან მან სხდომათა დარბაზში; და გაუწოდა ხელი თვისი გზად შემხვედრ პარლამენტართა ხელებს ნიშნად სალმისა; და წარიღო გზად ვარდნი თვისნი და შეაგება რომელიღაც პარლამენტში მყოფსა; და მივიდა ტრიბუნასსა თვისსა და დაიწყო მუნ სიტყვისა თვისსა თქმაი!
ტრიბუნასთან მისვლის შემდეგ რაც ხდებოდა, ამას უკვე მეტად ძარღვიანი, ყველა მხატვრული სახის აღმწერი ქართული სიტყვიერებაც კი ძნელად თუ გაუმკლავდება. ერთი რამ გამახსენდა, ასე, რამდენიმე წლის წინ იეჰოვას მოწმეები ელაპარაკებოდნენ ხოლმე გზად გამოჭერილ ადამიანებს; სწორედ იეჰოვას საგუშაგო კოშკის ჩინებული მოწმესავით „შექმნა სამოთხე მიწაზე“ საქართველოს პრეზიდენტმა, კერძოდ კი საქართველოში.
ჰიპნოზით „აღვსილი“ ვუყურებდი მის გამოსვლას, ამ ჰარმონიულ და ზღაპრულ სამყაროში ცხოვრება ვის არ ესიამოვნებოდა. ბავშვები ზღაპრულ სამყაროში ასოციაციებს შოკოლადის მდინარეებში, კანფეტების ხეებში, წვენის შადრევნებში (მაპატიეთ, შადრევნები მაინც უფრო ბოლო წლების მეტაფორაა, ალბათ ბოლო წლებმა მაინც თავისი გაიტანა) და ა.შ. ქმნიან; ახლანდელმა ჩვენმა ზღაპრულმა ქვეყანამ კი ბავშვური ფანტაზიების შორს მოიტოვა, პრეზიდენტის მონოლოგთან შედარებით შოკოლადის მდინარეების არსებობა უფრო დამაჯერებელი გახდა, ვიდრე პრეზიდენტის წარმოდგენილი „21 საუკუნის ქართული აღქმის ქვეყანა“... ბიბლიური მოსე დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო, ამ ინფორმაციის შემდეგ ნამდვილად საქართველოს მოაშურებდა. ისეთი ტკბილი იყო „პრეზიდენტული სამოთხე“, იმდეანდ ტკბილი, რომ ტელევიზორიდან გვერდით გახედვის მერიდებოდა, მრცხვენოდა, არ გამოვფხიზლებულიყავი.
ჩემი ბავშვობის საყვარელი მწერლის ერთი ფრაზა გამახსენდა, პერსონაჟი ფილმის შემხედვარე რომ ამბობდა: „ისეთი სიმახინჯე იყო, თვალი ვერ მოვწყვიტეო“, ასე დამემართა მეც და ალბათ დანარჩენ საქართველოს პარლამენტის სხდომის შემხედვარეს.
დაშტერებული შევცქეროდი პრეზიდენტს, ბედნიერი სახით, არაფერი მახსენდებოდა, როგორც მძლავრი ჰიპნოზისგან, ერთადერთი, ზოგჯერ ისევ მისივე ხელების ქნევა თუ გამომაფხიზლებდა, ამ დროს როგორღაც ვძვრებოდი „პრეზიდენტული ნარკოზისაგან - მორფიუმ/პრეზიდენტიუმისგან“ და ვიხსენებდი ამ სანახაობის ჩემს მოტივს, პროფესიულ აუცილებლობას, როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, ჩემი ინფორმაცია უნდა ამომეკითხა მომხდარ-ნასაუბრევში.
იმედი აქაც გაცრუებული დამრჩა, აღარაფერი საინტერესო, გამახსენდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის სიახლით გამოდიოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მეთოდებით, მისაღებშიც და მიუღებელშიც, დანარჩენი საქართველო კი მის ნაბიჯებს იმეორებდა, განსაკუთრებით ოპოზიციონერობის დამჩემებელი პირები... ახლა კი... ახლა კი სიძველის სუნი აუვიდა პრეზიდენტის გამოსვლებს თავისი კონცეფციითაც და სტრატეგიულობითაც, აღარც ის ჩანდა, ვის მიმართავდა, აღარც მეთოდური, აღარც პრეზენტაციული. ამოწურული შესაძლებლობები უფრო ვლინდებოდა: ისევ ის იმპერატიულობა, ისევ „ქართული სამოთხის“ მტკიცება, ისევ შეწყვეტილი ფრაზები და ოვაციები, ისევ ტაშის წინ მახვილდადებული ხმოვნები ფრაზაში და რეგისტრების აწევა, ისევ იაფი და ქუჩური ლანძღვა მოწინააღმდეგების მიმართ, ისევ „ყველა კრიტიკოსი საქართველოს მტერიას“ ძახილი, და კიდევ უარესი, ისევ ის კრიტიკა, ისევ „ძველი შეცოდებების“ წინ წამოწევა (თითქოს ახალი არაფერია სათქმელი), მლიქვნელი პარლამენტარები ე.წ. „ორივე ფლანგიდან“;
შემდეგ იყო თარგამაძის გამოსვლა, ისევ რთული ქვეწყობილი წინადადებების ცვენა, რომელთა შინაარსიც ისევე იყო დამალული, როგორც წარმთქმელის შესაძლო გარიგებები ამ ფრაზების თქმის დაშვება-არ დაშვებასთან დაკავშირებით, უნებურად გამახსენდა როგორ „ვაჭრობდნენ“ ხოლმე პოლიტიკური გადაცემების წამყვანები საქართველოში ხელისუფალ რესპონდენტებთან, რომლის შინაარსი დაახლოების ე.წ. დეზერტირების ბაზრის ვაჭრობის მოდელს ჰგავდა, „მომყიდე იაფად / არ მოგყიდი, სამაგიეროდ წონაში არ მოგატყუებ“ კონცეფციით, პოლიტიკოსებთან კი „დაგისვამთ უხერხულ შეკითხვას/დამისვი ერთი, ოღონდ მერე მე რეფორმებზე ვისაუბრებ“, ხოლო პოლიტიკოსების ერთმანეთში გარიგება კი სათქმელი ფრაზების ტრიალში გამოიხატება ხოლმე, ამაზე საუბარი სხვა დროს იყოს თემას რომ არ გავცდეთ. „დაჯექი თარგამაძე! ორიანი!“ - ძველსაბჭოური შეფასება გამახსენდა უცბად. ისევ მეტაფორა უნდა მოვიშველიოთ, ყველა გამოსვლას პრეზიდენტი ღიმილიანი ხვდებოდა თითქმის, თითქოს თავის მუსიკას გრძნობდა. სხვა გამოსვლების მსმენელს ერთი ძველი მოარული ფრაზა გამახსენდა: „ჩვენ, ქართველ ინტელიგენტებს, ვაზელინი მოგვეცით და ყველა ხვრელში შევძვრებით“, მაგრამ ესეც იქით იყოს, აი, შემდეგ კი... შემდეგ იყო ჯონდი... ახლა უკვე ლამის სახალხო გმირად ქცეული... სოციალურ ქსელებში ლამის ჯონდი/ბონდის სახელად გამოვლენილი, ჯონდი/ბონდმა ძლივს გამოგვაფხიზლა, სხდომას კომიკური ფორმა მისცა და მისი წყალობით, ჩვენ მივხვდით, რომ ტყუილად არ გვიყურებია სხდომისათვის, ჯონდი ბაღათურიამ ყველაზე ეფექტურად გამოიყენა პრეზიდენტის საღამო და საზოგადოებაში საკმაოდ ეფექტურად პოზიციონირდა. „ჯონდი/ყველა - 1:0“..
ფეხბურთის წაყვანის სპორტული კომენტატორის ციტატებით რომ ვთქვათ, ერთადერთი ბურთი პარლამენტის სხდომაზე, ჩანს, მხოლოდ ჯონდი ბაღათურიამ გაიტანა, მართალია პრეზიდენტმა ფრიად უხეში კონტრშეტევა განახორციელა და მოედანიც დატოვა, მაგრამ.. უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტის კონტრშეტევამ ისევ ჯონდის წისქვილზე თუ დაასხა წყალი.
მე კი ამ ყველაფრის შემხედვარე, ჩემი პროფესია იქით იყოს, და როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ჩემი თავიც, სხვებიც და ზოგადად, ჩემი ქვეყანა შემეცოდა, სწორედ იმიტომ, რომ მთელი ამ მორიგი კლოუნიადან ყველას მხოლოდ ერთი რამ გაახსენდება - ანგარიში, როცა ჯონდიმ პრეზიდენტს 1:0 მოუგო.
არჩილ გამზარდია www.myjournal.ge
No comments:
Post a Comment