
ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ინკოგნიტოდ ყოველთვის ისმოდა. ის თითქოს ყოველთვის გვერდით იყო, მაგრამ არ ჩანდა. გამოჩენას კი დიდი ხმაური მოჰყვა ქართულ პოლიტიკაში. მან მოსვლის დღიდან განაცხადა, რომ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლას აპირებდა. თუ როგორ ჩანდა ის პოლიტიკაში ჩართვამდე და როგორ გამოჩნდა როგორც პოლიტიკოსი, „myjournal.ge“ ესაუბრა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, პროპაგანდისტიკის მკვლევარს, არჩილ გამზარდიას.
ბატონო არჩილ, ქართული საზოგადოებისთვის რას წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვამდე ?
ქართული საზოგადოებისთვის ივანიშვილი მოჩანდა, როგორც სუპერმენი, ადამიანი რომელსაც ყველა სიკეთის მართვის საშუალება ჰქონდა. ის აღიქმებოდა სიკეთეს მქმნელად, რომელიც თითქოს იყო ყველგან და ყველაფერში, ასე ვთქვათ, როგორც წარმოსახვითი „ზე-გმირი“. რატომღაც მახსენდება ამგვარი დამოკიდებულება თავის დროზე ლენინის მიმართ (მოდელის და არა შინაარსის მიხედვით). ლენინი იყო ყველგან და ყველაფერში. მასზე ზღაპრებსაც კი თხზავდნენ, მისტიკით სავსეს. თუმცა სწორედ ამ ანონიმურობის გამო ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულწილად პასიური იყო, ასე ვთქვათ, პასიურად პოზიტიური.
მე არ ვიზიარებ დღეს ზოგან მუსირებულ აზრს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი დაგეგმილად მოქმედებდა, და ისე, რომ საზოგადოებას ის აღექვა როგორც ყოვლისშემძლე, მისი სტრატეგიის ნაწილი იყო. უბრალოდ მისი სახელი და გვარი დიდი ხანია ტრიალებს ქართულ საზოგადოებაში და ის მთელ საქართველოში ასოცირდებოდა შეუცნობელ პოზიტივთან, რომლის კონკრეტული სახე არავინ იცოდა. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერი დადებითი მოვლენა საზოგადოებისათვის ივანიშვილის სახელს უკავშირდებოდა, ამდენად, ქართული საზოგადოების ცნობიერებაში ის ჩამოყალიბდა, როგორც მითოსური გმირი ანუ თავისებურ სუპერმენი, რომლის შესაძლებლობები არ იზომებოდა.
რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ის მითიდან რეალობად იქცა. რას აკეთებს იმისთვის რომ იმ მითის მონაპოვარი არ დაიკარგოს ?
გამოჩენის დღიდან ის ინტენსიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან. განსაკუთრებით მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან. ამ მეთოდს პროპაგანდისტიკაში ავტორიტეტებზე ფიქსაცია ჰქვია, რაც გულისხმობს ავტორიტეტების შემოკრებას, რათა მისი ძალაუფლება უფრო დამაჯერებელი გახდეს საზოგადოებისთვის.
წინა ქართველი „სუპერნემებისაგან“ განსხვავებით (უნდა ავღნოშნოთ, რომ საქართველოს სამივე პრეზიდენტი საზოგადოების ცნობიერებაში საწყის ეტაპზე „სუპერმენად“ აღიქმებოდა), ბატონი ბიძინა, შედარებით შეპარული ტექნიკით მოქმედებს, რომლითაც ყველაფერს ერთ უჭყვეტ ჯაჭვში აქცევს. ის, რაც ადრე ასოცირდებოდა მის სახელთან და ის, რასაც დღეს აკეთებს, შესაბამის ადგილზე დგას საზოგადოებასთან ურთიერთობაში ლოგიკურად გამომდინარეობს ერთმანეთისაგან.
ივანიშვილი, მართალია, ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დარჩეს იმედგაცრუებული, მაგრამ ამთავითვე აღსანიშნავია, რომ „სუპერმენობის“ საწყის იმიჯს, უმრავლეს შემთხვევაში იმედგაცრუება მოსდევს.
საინტერესო ტენდენცია ვითარდება „სუპერმენობიდან“ „მოკვდავობამდე“ ტრანსფორმირების კუთხით, რაზეც ივანიშვილი აქტიურად მუშაობს, დღეს ის უკვე აღარ არის ყოვლისშემძლე, ის შევიწროებული ადამიანია, რომელსაც დევნიან, რომელიც თანადგომას საჭიროებს. ამ მეთოდის ამხსნელი კი შემდეგშია - შევიწროებულ ადამიანს ყოველთვის მხარს უჭერს საზოგადოება, რამდენადაც უსუსურ საზოგადოებასაც კი საკუთარ ქვეცნობიერში ყოველთვის აქვს თანადგომა/დახმარების მოთხოვნილება. ამ მეთოდს პროპაგანდისტიკაში ბუმერანგის მეთოდის სახელით მოიხსენიებენ. როგორც წესი, ამ ნიშას თითქმის ყველა ოპოზიციონერი ესწრაფვის, თუმცა საზოგადოების მსგავსი მხარდაჭერისათვის ნდობის მაღალი ფაქტორი ესაჭიროება. ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ საკუთარი იმპულსური ქმედებების წყალობით, ეს ნიშა ბიძინა ივანიშვილს რამოდენიმე დღეში აჩუქა.
როგორ შეაფასებდით მის პირველ განცხადებას მოხვდა თუ არა ის მიზანში?
ამ განცხადებით მან საზოგადოების 99% ყურადღება მიიქცია. ამ „ესეს“ სხვა ფუნქცია არც ქონია. ეს იყო საფრთხილო, ორიგინალური და კრეატიული ნაბიჯიც კი. „დებიუტი“ რომ ყოფილიყო სტანდარტული, ჩვეულებრივი, უფრო ნაკლებად ხმაურიანი, რომელიც მის წონას გადაწონიდა, ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსის პრეზენტაციას, პერსპერქტივა დაეკარგებოდა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ეს იყო „არაფერი“ და „ყველაფერი“ ერთად და თანადროულად. „პოლიტიკოსის დებიუტის“ შემდეგ, ივანიშვილზე საუბრობდა საქართველოს ყველა მოქალაქე და საზოგადოების ყველა სეგმენტი - ლანძღავდნენ „შეურახცყოფილი ჟურნალისტები“, აკრიტიკებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ქებათაქებით მოიხსენიებდნენ მომავალი პარტნიორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ივანიშვილმა და მისმა მრჩევლებმა სწორედაც ზუსტად მიზანში მოარტყეს ამ დებიუტით, სწორედ იმითი მოიგეს, რომ ამ ნაბიჯს ყველა წამგებიანად უთვლიდა. ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, მშვიდად „შემოსძახა“. მე მგონი, შედეგების მიხედვით, აქტივობა უფრო ეფექტურიც გამოუვიდათ, ვიდრე ჩაფიქრებული ქონდათ.
როგორ შეიძლება გავიგოთ ივანიშვილის ნათქვამი: „მიხელ სააკაშვილს არ უნდოდა ცუდი საქართველოსთვის მას უბრალოდ არ გამოუვიდა“ ?
საინტერესო დეტალია. აქვე ერთი რამეც უნდა ვახსენოთ, რომლის მნიშვნელობაც ასევე დიდია; როგორც წესი, ჩვენი პრეზიდენტი აკეთებს კომენტარს ისეთ ადამიანების ფრაზებზეც, რომელთა შესახებადაც პრეზიდენტები არ უნდა საუბრობდნენ. ერთადერთი ადამიანი იმ პერიოდში იყო ივანიშვილი, ვისზეც პრეზიდენტს კომენტარი არ გაუკეთებია. ეს მისი ფსიქოტიპისთვის ძალიან რთულია, რადგანაც, როგორც წესი, მას ყველაფერზე ყოველთვის აქვს რეაქცია. გამოდიოდა, რომ პრეზიდენტი ცალმხრივი გაქილიკების მდგომარეობაში იმყოფებოდა ივანიშვილისაგან. ვფიქრობ, ნებისმიერი გონიერი ადამიანი, ამ რეჟიმში და პირველ ეტაპზე, შეეცდებოდა მოწინააღმდეგეს ალაგ-ალაგ დათანხმებულიყო და ალაგ-ალაგ გაეკრიტიკებინა, შემდეგ ეტაპზე კი კრიტიკის დოზა მოემატებინა. ივანიშვილი სწორედ ასე მოიქცა.
საერთოდ ცნობილია ფაქტია, რომ კრიტიკას მაღალი ეფექტი იმ შემთხვევაში აქვს თუ კრიტიკა დროდადრო თანხმობის ან ნდობის პოზიციას აჩვენებს. ეს სტრატეგიული მესიჯიც არის პრეზიდენტის მომხრეებისთვის, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მე მესმის თქვენი, რის გამოც ხართ პრეზიდენტის მომხრეები, ახლა მიხვდით და გაანალიზეთ, რომ მას არ გამოუვიდა და გადმოდით ჩემს მხარეს.
რას ემსახურებოდა მისი განცხადებები მედიაზე?
თანამედროვე ქართულ რეალობაში, როდესაც ხმაურით მოდიხარ, მედიაზე რაიმე დადებითის თქმა, ბუნებრივია, საზოგადოებაში უარყოფითად აღიქმება, რამდენადაც რომელიმე ტელეკომპანიაზე პოზიტივის გამოთქმა ტელეკომპანიის პოლიტიკურ მიმართულებად აღიქმება. თანამედროვე ქართული საზოგადოება ძალიან მიამიტი ხდება ხოლმე, როდესაც საქმე მედიას ეხება, უმრავლესობას სჯერა რასაც ავრცელებენ მედიასაშუალებები, მითუმეტეს ტელეკომპანიები და ამავდროულადვე, უმრავლესობას სჯერა ისიც, რასაც საზოგადოებაში ამბობენ მედიასაშუალებების მიმართ, ანუ მედია, საქართველოს საზოგადოებისათვის აღიქმება ერთდროულად „ცრუ“ და „ჭეშმარიტ“ ინფორმატორად. ივანიშვილის ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც შეცდომა, როგორც გამოუცდელობა და ა.შ. სინამდვილეში, მისი „შეცდომა“ და „გამოუცდელობა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით, კვლავ ეფექტურ და გამოცდილებით გადადგმული ნაბიჯი გამოდგა. საზოგადოებამ კვლავ საკმაოდ „ალალად და მიამიტურად“ დაიჯერა ყველაფერი.
თუ შევეცდებით კიდევ უფრო გლობალურად განვიხილოთ მედიის დანიშნულება, თანამედროვე ეპოქაში მედია აღარ წარმოადგენს მედიას ტრადიციული გააზრებით. ადრე მედიის მიმართ შექმნილი იყო ასევე ერთგვარი მითი, რომ მედია წარმოადგენდა ობიექტურ, ხალხის ენით და ხალხისთვის მოლაპარაკე საინფორმაციო არხს. დღეს ამ ილუზიისგან გარკვეული სპეციალისტები მაინც არიან დაცულები და ცხადია, არ სჯერა, რომ თუნდაც BBC, CNN ან რომელიმე მედიასაშუალება „ჭეშმარიტებისა და ობიექტურობის“ საზომად გამოიყენება, მითუმეტეს ქართული მედია. თანამედროვე ეპოქა იმით არის რთული და იმიტომ ითვლება კომუნიკაციის ეპოქად, რომ არათუ მედია, არამედ მეცნიერება, კულტურა, სპორტი და სხვა დარგები განიხილება როგორც პოლიტიკური პროცესების მართვის სტრატეგიული ინსტრუმენტები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის თუ მისი მოწინააღმდეგისათვის. ისევ მეტაფორულად რომ ვთქვათ, საუკეთესო შეთხვევაში, შეიძლება არსებობდეს ობიექტური/მართალი მასალები, მაგრამ არ არსებობს ობიექტური ჟურნალისტიკა.
დააკარგვინებს თუ არა ხმებს ივანიშვილის ალიანსი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან?
გავრცელებული შეფასებით, ორი წლის წინ, ოპოზიციურმა ალიანსებმა ერთმანეს ხმები დააკარგვინეს, დღეს იგივე ხალხი ივანიშვილის გვერდით ტრიალებს, მაგრამ ივანიშვილის გვერდით, ისინი, ასე ვთქვათ, არ ჩანან. უფრო მეტიც, ისინი სარგებლობენ ასე ვთქვთ, „უსუნო ყვავილის“ ეფექტით; საზოგადოების ნდობა და ფოკუსი იმდენად არის ბიძინა ივანიშვილზე გადატანილი, რომ მის ჩრდილქვეშ ან არავინ მოჩანს ან მოჩანს ისევე, როგორც მინიატურული ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ დღეს ივანიშვილი არის „იუპიტერი“ და მას ყველაფრის უფლება აქვს მიცემული საზოგადოებისგან, მაშინ ივანიშვილს ალიანსი სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან პოტენციურ ხმებს ვერ დააკარგვინებს. უფრო მეტიც, ისინიც კი, ვინც საზოგადოებას არ უყვარს და ახლა ბიძინა ივანიშვილის გვერდით ხედავენ, ადამიანები მათ „პატიობენ“, რადგან საზოგადოებისათვის ისიც მისაღები გახდა, რაც სხვა დროს მიუღებელი იქნებოდა. შესაძლებელია, ივანიშვილს მოკავშირეები ხელისუფლებაშიც ჰყავდეს. ასე იყო მაგალითად წინა რევოლუციის დროს და შესაძლოა, სამომავლოდაც მსგავს რამეს ველოდოთ. ასე ვთქვათ, ფილმის საინტერესო ნაწილი ჯერ წინ არის, თუმცა ეს უკვე სხვა თემებია და სხვა სასაუბრო.
ზვიად მჟავანაძე www.myjournal.ge
No comments:
Post a Comment